ბიძინა ივანიშვილი: უიმედობის და გულგატეხილობის უფლება არა, ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს
“დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მომენტში და სწორედ ახლა არ გვაქვს უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება. ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს!”,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი.
“მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული გულწრფელი მხარდაჭერისა, დემოკრატიის არარსებობის პირობებში, არცერთი ევროპული სახელმწიფო არ მიგვიჩნევდა სრულფასოვან, თანასწორ პარტნიორად. დემოკრატიის გარეშე ჩვენ განწირულნი ვიყავით, რომ საქართველოსა და ევროპას შორის დისტანცია, შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დემოკრატიის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი. ექვსი წლის წინ, ქართველმა ხალხმა დაძლია უიმედობა და გულგატეხილობა და თავისი ბედისწერა შეცვალა, ირწმუნა ჩვენი პოლიტიკური ძალის და მოიპოვა დემოკრატია. ჩვენ დემოკრატია არც მემკვიდრეობით მიგვიღია და არც ვინმეს კეთილი ნებით უბოძებია ზემოდან, ჩვენ ის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით ხელიდან გამოვგლიჯეთ რეჟიმს და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური ორგანიზებისა და პროცესების ფილიგრანული მართვის წყალობით, ჩვენ ეს უსისხლოდ მოვახერხეთ. სწორედ ამით დავამტკიცეთ, რომ ევროპელობა ჩვენი ცივილიზებული არჩევანია. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი!
დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვრის შენარჩუნება და განვითარება. სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში!”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.