ბიძინა ივანიშვილი: ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე

ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულეების წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის, სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით. ჯერ კიდევ არ გვქონდა მოშუშებული სამოქალაქო ომის იარები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც შედეგად რუსული ოკუპაცია და მასობრივი დევნილების ორი ტალღა მოჰყვა. სწორედაც რომ თანამედროვე სახელმწიფო მართვის ტრადიციის არქონის კვალდაკვალ დაწყებულმა ქაოსმა, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ მოვლენად აქცია“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დღემდე მწვავეა უმუშევრობის, დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, პენსიების პრობლემა ამის პარალელურად კი, ცხოვრება ძვირდება.
„დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე პენსიების პრობლემა, სამწუხაროდ, ძვირდება ცხოვრება“, –აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ქვეყანაში არსებულ თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატიას, ეკონომიკური განვითარების დონე ბევრად ჩამორჩება.
„დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრადიციულ დემოკრატიებში ეკონომიკა და თავისუფლებები, როგორც წესი, ერთმანეთს ზრდიდნენ და ავსებდნენ“, –აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა.
„ამ გზაზე, როგორ რთულ ამოცანადაც არ უნდა ჩანდეს ეს, ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა – პირიქით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, აუცილებლად შენარჩუნებულ უნდა იყოს დემოკრატიის მაღალი დონე და ასევე, საჭიროა მუდმივი ზრუნვა მის განვითარებაზე.
„დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა, სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტიურისტული ჯგუფები დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები