თამარ ხულორდავა შვედეთის რიკსდაგის წევრს, ფრედრიკ ერიკსონს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა შვედეთის რიკსდაგის წევრს, ფრედრიკ ერიკსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. სტუმარი კომიტეტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობით დაინტერესდა. თამარ ხულორდავამ სტუმარს კომიტეტის სამოქმედო გეგმა და 2017 წლის საქმიანობის ანგარიში გაუზიარა.

თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა შვედეთის, როგორც აღმოსალეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორის, მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

ფრედერიკ ერიქსონი ევროსკეპტიკოსია და მისი განსაკუთრებული ინტერესი იყო გაეგო, თუ რატომ სურს საქართველოს ევროკავშირში წევრობა.

„საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია. ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სწორედ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ მივისწრაფით. წარმატებები გვაქვს ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის სახით, მაგრამ ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის. ვაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, რაც გულისხმობს ცხოვრების უკეთეს სტანდარტს ჩვენი მოქალაქეებისთვის, თავისუფალი და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბებას, უფრო მყარ ინსტიტუტებს, უფრო განვითარებულ ეკონომიკას, უკეთეს გარემოს, უკეთესი ხარისხის პროდუქტს და სოციალური დაცვის უკეთეს სისტემას. ევროკავშირი სწორედ ამ სტანდარტებთან ასოცირდება და ეს განაპირობებს მის განსაკუთრებულ მიმზიდველობას ჩვენთვის“, – განაცხადა შეხვედრაზე თამარ ხულორდავამ.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოს პარლამენტში. საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მქონდა შესაძლებლობა განმეხილა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული და მიმდინარე რეფორმები. მხარს ვუჭერ საქართველოს და წარმატებას ვუსურვებ ქართველ ხალხს!”, – განაცხადა ფრედრიკ ერიკსონმა.

თამარ ხულორდავამ სტუმარს საქართველოს მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქარველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და მისი იმიჯის სწორად წარმოჩენაში დახმარება სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები