“საქართველოს მოქალაქეს უფლება უნდა ჰქონდეს, საზღვარზე მიღებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილება გაასაჩივროს”

„სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ სადმე საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა არ გამოიწვიოს, არ შევზღუდოთ მოქალაქეთა უფლებები“ – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საჭიროა გასაჩივრების მექანიზმის ამოქმედება, რათა საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს უფლება, საზღვარზე მის მიმართ მიღებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.
სხდომაზე კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ არ უნდა შეიზღუდოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გავიდეს საქართველოდან, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„ვეთანხმები ზოგად პათოსს, რომ აუცილებლად ასამუშავებელია ის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ უვიზო რეჟიმი არ შეუწყდეს ჩვენს ქვეყანას. რეგულაციებს უნდა გადავხედოთ, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დამატებითი კონტროლის შემოღებაზე სადავო არაფერი შეიძლება იყოს. თუმცა, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ სადმე არ შევიდეთ საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, არ შევზღუდოთ მოქალაქეთა უფლებები, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისივე განმარტებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ყველა ქვეყანაში არის ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლის დანაშაული.
„შეიძლება ზოგიერთი უწყება დაინტერესებული იყოს, რომ მათ გაუადვილდეთ მუშაობა კეთილი მიზნებიდან გამომდინარე, რომ თავიანთი ვალდებულები აღასრულონ, მაგრამ არის ზღვარი ადამიანის უფლებებს შორის და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შორისაც. არც ასოცირების ხელშეკრულება და არც რაიმე სხვა საერთაშორისო დოკუმენტი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებს ამ ტიპის არ მოითხოვს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციის მიზნით შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იგეგმება.
სისხლის სამართლის კოდექსს, შესაძლოა ახალი – სპეციალური მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან ექვს
ლამდე.
ასევე, თავისუფლების აღკვეთას, ვადით – სამიდან ექვს წლამდე, გამოიწვევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას.
რაც შეეხება “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ფართოვდება საფუძვლები, როცა საქართველოს მოქალაქეს საქართველო საზღვრის გადაკვეთაზე შეიძლება უარი ეთქვას.
კერძოდ, თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, მას შეიძლება საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევებში, თუ არ გააჩნია: – ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაშია გაცემული და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისათვის არანაკლებ სამი თვეა; უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი; სამოგზაურო დაზღვევა და ასევე, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს განსახილველად “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები