“ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვის საკითხი ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე განიხილება”
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, 15 მაისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მერ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვის საკითხზე იმსჯელებენ.
„ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვა სამწუხაროდ, 2008 წლიდან მოყოლებული, გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით პერიოდულად ხდება ხოლმე. იცით, რომ გადაადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია, მაგრამ ეს გახლავთ ხოლმე დროებითი ზომა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მოსახლეობას ეს დამატებით პრობლემას უქმნის. ეს საკითხი 15 მაისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, ე.წ. საზღვარზე მოძრაობა დღეს 20:00 საათიდან ორი დღისთ აიკრძალება.
როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელები აცხადებენ, საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაკეტვა „დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება.