„საქართველოს სინფონიეტა“ დასკვნით კონცერტს, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, რუსთავის ხელოვნების სკოლაში გამართავს
4 მაისს, 17:00 საათზე, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, „საქართველოს სინფონიეტა“ დასკვნით კონცერტს ქალაქ რუსთავის ხელოვნების სკოლაში გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ რუსთავის რ. ლაღიძის სახ. №3 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, დირიჟორი მიხეილ ედიშერაშვილი.
თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტამ“, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, წარმოადგინა კონცერტები საქართველოს რეგიონებში. პროექტის ფარგლებში კონცერტები ჩატარდა საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონის 7 ქალაქში: თელავში, სტეფანწმინდაში, დუშეთში, რუსთავში, მცხეთაში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
თელავში, სტეფანწმინდაში, დუშეთში, რუსთავში, ქუთაისში და ზუგდიდში გამართულ კონცერტებში „საქართველოს სინფონიეტასთან ერთად“ მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები. ისინი მსმენელის წინაშე წარდგნენ როგორც სოლისტები და როგორც კამერული ორკესტრის წევრები.
16 აპრილს, მცხეთაში პირველად შესრულდა ბაროკოს ეპოქის მუსიკა ავთენტური ინსტრუმენტებით. პროგრამის მოსამზადებლად ორკესტრთან იმუშავა და კონცერტს უდირიჟორა გამოჩენილმა გერმანელმა მევიოლინემ და დირიჟორმა კრისტოფ მაიერმა. იგი ბაროკოს ეპოქის მუსიკის ავთენტური შესრულების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სპეციალისტია მთელ მსოფლიოში.
კონცერტები ასევე გაიმართა: 23 აპრილს – სტეფანწმინდაში, 24 აპრილს – დუშეთში, 25 აპრილს – ზუგდიდში, 26 აპრილს – ქუთაისში და 27 აპრილს- თელავში. შესრულდა: ა. ვივალდის, გ.ფ.ტელემანის, ვ.ა.მოცარტისა და ს.ცინცაძის ნაწარმოებები.
პროექტის დასკვნით კონცერტზე ქალაქ რუსთავის ხელოვნების სკოლაში დასწრება თავისუფალია.
მის: ჭავჭავაძის ქ. №4.