“მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი იმ უსამართლობას, რომლის გატანასა და გაყიდვასაც რუსეთი ცდილობდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მცდელობით”

რუსეთს აღიარების პოლიტიკა ფაქტობრივად ჩაუვარდა და მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი იმ უსამართლობას, რომლის გატანასა და გაყიდვასაც რუსეთი ცდილობდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მცდელობით, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა.
„მთლიანობაში, მსურს ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრული იყო და არის რუსეთის მიმართ და, რომელიც მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, სწორი და ადეკვატურია, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანია – არ წამოვეგოთ პროვოკაციას და რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება, არ მივცეთ შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი შეფასებით, აღნიშნული კიდევ უფრო აქტუალურია იმ ახალ ფაზაში, რომელშიც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შედის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

„2018 წელი, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან იყო განსაზღვრული, როგორც ცივი ომის იმიტაციის, ცივი ომის შექმნის მცდელობა. ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცივი ომის დროს მესამე ქვეყნებში, რომლებიც დაცულნი არ არიან ბოლომდე, და საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატო-ს წევრი, ამ ქვეყნებში, ასე ვთქვათ, იარაღის ჟღარუნის პოლიტიკა განახორციელოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებით საჭიროა სიფხიზლე.

„ამიტომ ჩვენ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა და მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, მაგრამ ამ ახალ ფაზაში, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს მოტივაცია ჩვენი ყველას გაერთიანების, პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჩვენი სამშობლოს მთლიანობის, ერთიანობის დაცვა ჰქვია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები