ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელს შეხვდა.საუბარი, უმთავრესად, შეეხო საქართველოსა და
ამერიკის პოლიტიკურ ურთიერთობებს. ირაკლი კობახიძემ სტუმარს გააცნო საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი პარლამენტის ცალსახად მხარდამჭერი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ასევე, აშშ-თან ურთიერთობებისადმი.
მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და საქართველოს მიერ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე.
სტუმარმა გამოხატა ძალიან მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას როგორც საქართველოს დემოკრატიზაციისთვის, ასევე ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის. ვეს მიტჩელის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატები საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს ქვეყანში მიმდინარე კონსტიტუციური და სასამართლო რეფორმა გააცნო. აღინიშნა, რომ ეს რეფორმები წარმოადგენს საყრდენს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რომელშიც საქართველოს პარლამენტი დიდ როლს ასრულებს. ირაკლი კობახიძემ ვეს მიტჩელს დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების კუთხით განსახორციელებელი სამომავლო გეგმებიც გააცნო.
საუბარი შეეხო, ასევე პარლამენტის როლის გაძლიერებას ინსტიტუციური მშენებლობის საკითხში და აშშ-ის როლს ამ პროცესში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ხაზი გაუსვა ახალი თაობის ლიდერების მნიშვნელობას ქართული დემოკრატიის წარმატებისათვის. სტუმარმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკაში. მისივე თქმით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ამერიკის პარტნიორობა საქართველოსთან. აღნიშნა, რომ აშშ და საქართველო ერთად მუშაობენ ნატო-ს მომავალ სამიტზე მაქსიმალურად პოზიტიური დადებითი და სასარგებლო შედეგის მიღწევისათვის. ვეს მიტჩელმა აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატია არის მისი დასავლეთში სრული ინტეგრაციის საფუძველი და საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი მორალური საფუძველი იმისათვის, რომ მოითხოვოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება.
საუბრისას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის კონგრესს შორის ურთიერთობებში. ორივე მხარემ ერთმანეთს დაუდასტურა, რომ საქართველო და აშშ კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაძლიერდება როგორც ეკონომიკური, ასევე ეროვნული უსაფრთხოების გამყარების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები