საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 2 მაისის წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2 მაისს წარსდგება. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომი პროცედურები განმარტა.

„რეგლამენტით გათვალისწინებულია ორი ფორმატი – ფრაქციების გამოსვლები და პოლიტიკური დებატები. ტრადიციულად იყო ხოლმე მოთხოვნა პოლიტიკური დებატების გამართვის თაობაზე, ამჯერად არც პრეზიდენტის და არც ოპოზიციის მხრიდან ასეთი მოთხოვნა წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა და ამავე რეჟიმში წარვმართოთ ამ საკითხის განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, დებატების გამართვის შემთხვევაში სიტყვა ეძლევათ როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებს, ფრაქციებს, უმცირესობას, უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს და პარლამენტის თავმჯდომარეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებას პოლიტიკური დებატების გამართვასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს. ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს პოლიტიკური დებატების გამომსვლელთა რიგითობა და თანმიმდევრობა გააცნო. მისი განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა პირველ რიგში დამოუკიდებელ დეპუტატებს დაეთმობათ, მათ შემდეგ 15 წუთიანი რეგლამენტით ფრაქციები ისარგებლებენ, 45-45 წუთი გამოიყოფა საპარლამენტო უმცირესობისთვის და უმრავლესობისთვის. პოლიტიკური დებატები კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლებით დასრულდება.

ბიუროს სხდომაზე 2-4 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების რიგითობა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

პარლამენტის პლენარული სხდომა 2 მაისს 12.00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები