ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრები საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები საქართველოში საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდნენ და საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
„სახელმწიფოს სახელით მადლობას გამოვხატავ იმ მხარდაჭერისთვის, რაც საფრანგეთის მხრიდან აქვს საქართველოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაეროს რეზოლუციებში საფრანგეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის შესახებ. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერას,“ – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ.
„ჩვენს ქვეყნებს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი თავდაცვის სფეროა. ჩვენ ვამაყობთ ასეთი ურთიერთობებით. ჩვენი ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიური სამთო მომზადების კუთხით არის. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ 2016 წელს, პირველად, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი იმყოფებოდა საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღსანიშნავად. ეს ადასტურებს, რამდენად სერიოზულად განვიხილავთ საქართველოსთან თანამშრომლობას. ამჟამად ვმუშაობთ, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადმოეცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა 1997 წლიდან იწყება, სამხედრო კავშირები მანამდეც გვქონდა. ფრანგები ვამაყობთ პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ღვაწლით, რაც მას საფრანგეთის წინაშე მიუძღვის“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ.
ფრაქციის წევრები და საფრანგეთის ელჩი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხსაც შეეხნენ. როგორც პასკალ მენიემ აღნიშნა, „ამჟამად, წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევროა ბრუნვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. ვისურვებდით, რომ გაიზარდოს ტვირთბრუნვა და დაემატოს ახალი სფეროები. ამ მხრივ, პერსპექტიულად მიგვაჩნია სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. ADP ჯგუფი უკვე ფლობს TAV Georgia-ში 59%-ს, რაც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. გარდა ამისა, იდეები გვაქვს მეცხოველეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების კუთხითაც.“
ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა, საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების აქტიური მონაწილეობა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, გახდება მყარი საფუძველი ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხრიდან მხარდაჭერის მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები