საფრანგეთის ელჩი საქართველოში „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” ფრაქციის თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ და ამავე ფრაქციის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, პასკალ მენიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისეთი მიმართულებებით როგორიცაა – ეკოლოგია, კულტურა, განათლება და სპორტი.

„დღეს გამართულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკოლოგიაზე, კულტურაზე, სპორტზე, განათლებაზე და იმ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომლითაც გამორჩეულია საფრანგეთი ევროკავშირში. შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სწორედ, ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევით უნდა მოხდეს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, რაშიც ფრანგული მხარის ისტორია, გამოცდილება, ხელშეწყობა და რეკომენდაციები ძალზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ქართული რაგბის განვითარებაში საფრანგეთის როლზე. მხარეებმა  საფრანგეთსა და საქართველოს შორის რაგბის მოყვარულთა კლუბის შექმნის შესაძლებლობებიც განიხილეს.

„რაგბი, არის სპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მართლაც აერთიანებს საფრანგეთსა და საქართველოს. იმედი მაქვს საფრანგეთში არიან დეპუტატები, რომლებიც ადრე თამაშობდნენ ან უყვართ რაგბის თამაში. ჩვენ შევეცდებით შევქმნათ რაგბის მოყვარულთა კლუბი, საფრანგეთსა და საქართველოს შორის”, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. მისივე თქმით, წეროვანში, სადაც დევნილები არიან დასახლებულები რაგბის მოედანი აშენდება.

„დღეს უნდა შევხვდე საქართველოს რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს, სადაც განვიხილავთ წეროვანში რაგბის მოედნის აშენების შესაძლებლობებს. ჩვენ შევეცდებით  დევნილ ბავშვებს რაგბის მოედანი ავუშენოთ”,  – განაცხადა პასკალ მენიემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები