ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა შედგა (ვიდეო)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯაე ინი ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. ორი ქვეყნის ლიდერებმა მეგობრულად ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და შეხვედრისას, სახეზე, კეთილგანწყობის ღიმილი დასთამაშებდათ. სამიტი, რომლის ფარგლებშიც ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ, ისტორიული მოვლენაა და ათწლეულების მანძილზე პირველად ხდება.
ამ ისტორიულ შეხვედრამდე, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას, ურთიერთობები ბოლო ხანებში უკიდურესად დაეძაბათ. მანამდე, ჩრდილოეთ კორეამ, არსებობის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური ბირთვული გამოცდა მოაწყო და ახალი ბალისტიკური რაკეტების შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა, რამაც მთელი მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია და შედეგად ქვეყანას უმკაცრესი სანქციები დაუწესდა…
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას მთელი მსოფლიო ელოდა, რათა მრავალწლიანი დავა და დაძაბულობა, ორ ქვეყანას შორის, საბოლოოდ მოგვარებულიყო.
სამიტის შემდეგ, მომდევნო კვირაში კიმ ჩენ ინს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც შეხვდება, რა დროსაც მხარეები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საბოლოო შეწყვეტის საკითხებზე ისაუბრებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მას ისტორიული კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარება სურს და ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო მწუხარებას გამოთქვამს, რაც ბოლო ხანებში მთელი მსოფლიოს აღშფოთების მიზეზი გახდა.
შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა მუნ ჯაე ინს განუცხადა, რომ სიამოვნებით მოინახულებდა სეულში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციას და უფრო ხშირად შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები