რომან კაკულია: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს. წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომლის თემაც „ეკონომიკის სექტორული განვითარების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის ასახვა პროფესიული სწავლების პროგრამებში“ იყო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში არსებულ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ შედგა. ღონისძიებას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უძღვებოდა.

„ამ სფეროში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, მიიღონ ინფორმაცია, რამდენად კოორდინირებულია სახელმწიფო უწყებების საქმიანობა, ერთი მხრივ, დასაქმების და მეორე მხრივ, პროფესიული განათლების დონის გაზრდის კუთხით. ეკონომიკის განვითარების (სექტორული განვითარების) პრიორიტეტებს რამდენად ეფუძნება სახელმწიფო პოლიტიკა დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარების სფეროში და რამდენად პასუხობს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა აღნიშნულ სფეროში იყოს კოორდინირებული და პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში უმუშევრობა სტრუქტურული ხასიათისაა, რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნილ კვალიფიკაციასა და არსებული მდგომარეობის, ანუ მიწოდების შეუსაბამობითაა გამოწვეული. ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლებია იმ სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომელიც უმაღლეს განათლებას მოითხოვს. დასაქმების დიდი წილი კი სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორზე მოდის, სადაც მოთხოვნა ძირითადად სპეციალურ პროფესიულ განათლებაზეა. შესაბამისად, ღონისძიების მონაწილეთა აზრით, პროფესიული განათლების დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული პროგრამებიც არსებული გამოწვევების შესაბამისი უნდა იყოს.

შეხვედრაზე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობა, რამდენად არის მოთხოვნა-მიწოდებაში შესაბამისობა და რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ეს მონაცემები.

შეხვედრაზე აღინიშნა, პროფესიული განათლების შესახებ კანონის მნიშვნელობაც, რომლის პროექტიც მომზადებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და რომელსაც ახლა იხილავს საქართველოს მთავრობა და მალე წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრა პროფესიული განათლების როლზე და მის მნიშვნელობაზე ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებაში. მისი თქმით, კაჭრეთის კოლეჯი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორი მაღალი დონის პროფესიული განათლების მიღებაა შესაძლებელი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით პროფესიული განათების რეფორმა ინტენსიურად ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ყველა ჩართულ მხარეს მიეწოდებოდეს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგენერაიამ კი სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია (2015-2018 წ.წ.) წარმოადგინა.

შეხვედრაში, კომიტეტის წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, რომელმაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განვითარების საკითხებზე ისაუბრა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სხვა სამთავრობო თუ ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენელები, ადგილობრივი მცხოვრებლები.

„დღეს, როდესაც მთავრობა დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებთან, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით უნდა დაგეგმონ თავიანთი მომავალი, მნიშვნელოვანია, რომ ამის პარალელურად, ძალიან ეფექტურად წავიდეს ორი პროცესი – მთავრობამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთოს რეგიონალური პრიორიტეტები, რომელთა მიმარულებითაც აუცილებელია, მოხდეს ამ ფინანსების მიმართვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები მომზადდნენ და თავიანთი უნარით, კვალიფიკაციით, მომზადებულები დახვდნენ ამ პროცესს. როდესაც ეს სამი პროცესი ერთობლივად იქნება განვითარებული, ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ იმ ეფექტს, რომელიც დღეს მთავრობის მიზნებშია, რომ მთლიანი განვითარების პროცესებში ხვედრითი წილი მცირე და საშუალო ბიზნესისა მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები