საკრებულო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას უერთდება

0

თბილისის საკრებულო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას – „გარემოს გულისთვის“ უერთდება. ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია დაესწრო. პრესკონფერენცია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან კერესელიძემ გახსნა. პრესკონფერენციაში საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში შვედეთის ელჩი მონაწილეობდნენ. დედამიწის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად.
დედამიწის დღე ყოველი წლის 22 აპრილს იმართება. საქართველოში ამ თარიღის აღნიშვნა 1990 წლიდან დაიწყო და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიკა დარჩია იყო.
„მნიშვნელოვანია დამოკიდებულება იმ გარემოს მიმართ, სადაც ვცხოვრობთ. როდესაც დედამიწის დღე პირველად აღინიშნა საქართველოში, მე ვიყავი ორგანიზატორებს შორის. ახლაც, შევიტყვეთ თუ არა ამ მნიშვნელოვანი აქციის შესახებ, რომელსაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აწყობდა, დავუკავშირდით და შევთავაზეთ, რომ თბილისის საკრებულოც ჩაერთვებოდა პროექტში და გვექნებოდა შვილობილი გარემო. ეს იქნება ვერის პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
22 აპრილს 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს წევრები ვერის პარკს დაასუფთავებენ და შემდგომში მის მოვლაზე აიღებენ პასუხისმგებლობას.
გარემოსდაცვითი კამპანია „გარემოს გულისთვის“ საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. კამპანიის ფარგლებში ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია გახდეს გარემოს გულითადი ელჩი. მათ შეუძლიათ აირჩიონ კონკრეტული ტერიტორია, რომლის სისუფთავესა და შემდგომ მოვლაზე აიღებენ პასუხისმგებლობას. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად აქციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები USAID-ი და CENN-ი.

კომენტარები

კომენტარი