პრეზიდენტი მეცნიერებსა და ხელოვანებს მოუწოდებს, პრემიების სახელმწიფო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა

0

პრეზიდენტი შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიების წევრებს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს, კომისიას მიაწოდონ საკუთარი ნამუშევრები, გამოავლინონ დაგროვებული პოტენციალი და მისცენ კომისიას შესაძლებლობა, შეაფასოს მათი შემოქმედება.
“კარგა ხანია ჩვენს საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ეზეიმა ჩვენი მეცნიერების, ხელოვანების მიღწევები და დღეს გვაქვს ამის იურიდიული საფუძველი, რომ 5 წლის განმავლობაში დაგროვილი, ის, რაც იქმნებოდა ხელოვნების, მეცნიერების, პუბლიცისტიკის მიმართულებით აღიარება და შეფასება მივცეთ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მიზნით გაერთიანდა კომისია, რომლის წევრებსაც საზოგადოება იცნობს და პატივს სცემს უდიდესი ღვაწლისათვის.
“იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ამ ზეიმს ჩვენ მოვაწყობთ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ხალხისთვის და აი იმ განსაკუთრებულ მიღწევებს ვაჩვენებთ, გამოვყოფთ და კიდევ ერთხელ გავუზიარებთ ქართველ ხალხს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ (თითოეულ გამარჯვებულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით). პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში 2 წელიწადში ერთხელ, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატებს გამოავლენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით შექმნილი საერთო კომისია, რომელიც 9-წევრისაგან შედგება. კომისიის თავმჯდომარე და შემადგენლობა დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
ხოლო საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატებს გამოავლენს ცალკე კომისია, რომლის შემადგენლობაც ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერაა დამტკიცებული. კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 11 აპრილს. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება 1-ელი მაისის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი