თამარ ჩუგოშვილი: შეწყალებულ პირთაგან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 დანაშაული, რომელთაგან 189 იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის საქმეში საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში გადაცემა ,,პირისპირ“ ისაუბრა.
— სანამ ეს ტრაგიკული შემთხვევა არ მოხდა, ჩვენი ყოველი მცდელობა, გვეთქვა, რომ შეწყალების პოლიტიკის კუთხით ქვეყანაში პრობლემებია – მთავრდებოდა იმით, რომ გვეუბნებოდნენ – „თქვენ თავს ესხმით პრეზიდენტს. თქვენ ერჩით პირადად მას“ და ა.შ.
პოლიტიკურ სპეკულაციაზე რომ არ დაიწყოს საუბარი, მხოლოდ ციფრებს წავიკითხავ: პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებულია 3 617 მსჯავრდებული. ეს არის პროცენტულად უდიდესი ციფრი რომელსაც ალბათ ვერცერთი ქვეყნის პრაქტიკაში ვერ ვნახავთ, იმიტომ, რომ შეწყალება არის ინდივიდუალური აქტი და არა მასობრივი. აქედან 82 % არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი. აქედან ნახევარი არის ნარკოდანაშაულისთვის და მათგან 55 პირი არის ნარკორეალიზატორი. შეწყალებულ პირთაგან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 დანაშაული, რომელთაგან 189 იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, ხოლო 40 იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევა.
ვინაიდან 2018 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელია, ამიტომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ 3 617 მსჯავრდებულიდან 575-მა ჩაიდინა რეციდივი, უმძიმესი დანაშაულები და ამაზე ხმა არ ამოვიღოთ, მაშინ როცა ეს არის ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა და შეწყალების პოლიტიკას სჭირდება გადახედვა – მე მგონი ეს არავის მხრივ არ იქნება სწორი დამოკიდებულება, რომელი წელი და რომელი თვეც არ უნდა იყოს.
სამწუხაროა, რომ დისკუსია შეწყალების პოლიტიკის პრობლემურობასთან დაკავშირებით მოჰყვა უმძიმეს, ტრაგიკულ შემთხვევას, როდესაც ორ მცირეწლოვან ბავშვს თვალწინ მოუკლეს დედა. ამიტომ, როდესაც მანამდე ვსაუბრობდით შეწყალების პოლიტიკის პრობლემურობაზე, არ უნდა ყოფილიყო თავდასხმები ჩვენი მისამართით, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები