ნიკოლოზ მჟავანაძე: აზერბაიჯანის მხრიდან, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საინგილო ქართველების გარეშე დარჩეს

“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰერეთში (საინგილო) არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იქ მყოფი ქართველებისთვის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმეა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საინგილო ქართველების გარეშე დარჩეს.

“ბევრჯერ დაიწერა იმის შესახებ, თუ როგორი მძიმე მდგომარეობაა ჰერეთში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერიტორია კონცლაგერადაა გადაქცეული ეთნიკურად ქართველებისთვის. ქრისტიან ქართველებს ბევრი პრობლემა აქვთ იქ. ზაქათალაში წმ. სამების ტაძარი ტუალეტადაა ქცეული, სხვა ტაძრებში აკრძალულია შესვლა, ვერ ჩადის ეპისკოპოსი, ვერ შედის რელიგიური ლიტერატურა და ხატები. შეზღუდულია სწავლა-განათლებაც, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა ქართველებისთვის, ყველაფერი კეთდება, რომ საინგილო დარჩეს ქართველების გარეშე. ესაა პროგრამა, რომელსაც აზერბაიჯანის მთავრობა ახორციელებს.

იქ მყოფ ქართველებს არ აქვთ მკურნალობის საშუალება, ხელისუფლებას მივმართავ, რომ ჯანდაცვის კუთხით დაეხმარნონ მათ. თუ ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, 15 000 ქართველიდან მალე ასიც აღარ დარჩება იქ. უნდა აღინიშნოს ისიც, თუ როგორ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ხალხი. ყოველ ნოვრუზ ბაირამზე​ ჩვენი მთავრობა ჩადის მათთან და ახლა 6 მაისს, გიორგობაზე ნახავთ თუ ჩამოვა ვინმე მათი წარმომადგენელი”,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ჰერეთში არსებულ პრობლემებზე პორტალ “კვირას” პრესკლუბში, იქ მცხოვრებმა ქართველებმაც ისაუბრეს. როგორც დანიელ ყულოშვილმა აღნიშნა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი შეგნებულად ჩაუქრია მესაზღვრეს.

“პირველი პრობლემაა ესა ეთნიკური დევნა, ხოლო მეორე რელიგიურად. ყველა ნაბიჯზე ჩვენს მრწამს ეხებიან და ცდილობენ, რომ შელახონ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანელ მესაზღვრეს აღდგომის დღესასწაულზე იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი შეგნებულად ჩაუქრია და ჩვენამდე ვერ ჩამოუღწევია. ყველაზე დიდი პრობლემაა ასევე, წიგნების გადმოტანა, ეშინიათ, რამე ისეთი არ იყოს. რეალიზაციის საშუალება არ არის”,-აღნიშნა დანიელ ყულოშვილმა.

ჰერეთში მცხოვრებმა, ვახო სუყაშვილმა კი ჯანდაცვისა და განათლების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, იქ არსებულ სკოლებში 2003-2004 წლებში გამოშვებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან, ამიტომ ვერ ხერხდება საკმარისი განათლების მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები