“ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს, საკითხის სხვა თემით გადაფარვას ცდილობენ”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას ეხმაურება.
ანრი ოხანაშვილს აბსურდულად მიაჩნია მოსაზრება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გარიგებას გულისხმობს.
ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს, ისინი საკითხის სხვა თემით გადაფარვას ცდილობენ.

„ცდილობენ აბსოლუტურად გაუაზრებელი, არასწორი მესიჯები გამოაგზავნონ, თითქოსდა, საკონსტიტუციო უმრავლესობაში რაღაც ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი. ეს არის აბსურდი. საკონსტიტუციო უმრავლესობას არ სჭირდება არანაირი გარიგება რომელიმე ოპოზიცურ პარტიასთან, მით უმეტეს, „ევროპულ საქართველოსთან“. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ბოდიში მოუხადონ ქართულ საზოგადოებას და შესაბამისად, იმოქმედონ თუნდაც, ვანო ზარდიაშვილის მიერ გაჟღერებული პოზიციის შესაბამისად, ისინი საკითხის სხვა თემით გადაფარვას ცდილობენ, ეს არის ძალიან ცუდი,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადების თანახმად, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები