კახა ბექაური: ინტერპრეტაციები, რომელიც NTV Plus-ის განცხადებას მოყვა, რეალობის არარეალობად წარმოდგენა, დამახინჯება იყო

„დაიხატა რეალობა, თითქოს, NTV Plus რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული არხებით ახლა, პირველად შემოდის, მაგრამ ეს ასე არ არის“,-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა.

როგორც მან „კვირის ინტერვიუში“ აღნიშნა, NTV Plus-ის განცხადების შემდეგ ამას ქართულ მედიაში როგორი ინტერპრეტაციაც მიეცა, რეალობის არარეალობად წარმოდგენა, დამახინჯება იყო.

„NTV Plus ისე, როგორც არის წარმოდგენილი, რუსული პროპაგანდისტული არხების გამავრცელებელია და მათ პაკეტში, რა თქმა უნდა, რუსული საინფორმაციო არხები არსებობს, მაგრამ ეს ქართული ბაზრისთვის სიახლე არ არის. NTV Plus რომ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს ავრცელებს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მაგრამ საქართველოში არსებული ყველა საკაბელო ოპერატორი ყოველთვის ავრცელებდა არხებს, რომლებსაც რუსულ პროპაგანდისტულ არხებად მოვიხსენიებთ. NTV Plus–ის პაკეტში შემავალი რუსული საინფორმაციო არხების მაუწყებლობა საქართველოში არასდროს შეწყვეტილა და დღეს ამ არხებს საკაბელო არხების 650 000 აბონენტი უყურებს. “, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, NTV Plus თავად არცერთი რუსული საინფორმაციო არხის მწარმოებელი არ არის.

„ეს არის კომპანია, რომელსაც თვითონ მხოლოდ სპორტული და გასართობი კონტენტი აქვს. საერთო მაუწყებელი NTV, NTV Plus–ის ნაწილი არ არის. NTV Plus ცალკე სატელიტური პლატფორმაა, რომელიც სატელიტური სერვისის მიმწოდებელია. ის მაუწყებლობის თანამგზავრულ ტრანზიტს ახორციელებს, რომელიც მხოლოდ რუსეთში არ არის, არის უკრაინაში, ყაზახეთში და ბევრგან. NTV Plus–ის პაკეტში 290–ზე მეტი არხია, მათ შორის უცხოური არხები – BBC, CNN და სხვა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მიხაილ დიომინის განცხადებიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას NTV Plus–ის ცენტრალურ ოფისთან ბევრი კითხვა ჰქონდა.

„ჩვენ მათ გავუგზავნეთ კითხვა, რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ „მედია ჯგუფთან“, რომელიც NTV Plus –ის განცხადებაში ტექნიკურად დამხმარე ორგანიზაციად იყო მოხსენიებული“, – განაცხადა ბექაურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, წინასწარ, დარეგისტრირებამდე, 2016 წლის 12 სექტემბერს როგორ მიიღო ავტორიზაცია 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებულმა კომპანია „მედია ჯგუფმა“, რომელიც NTV Plus-ის პარტნიორია, კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ ქართულ „მედია ჯგუფს“ ავტორიზაცია არ გაუვლია, ის ავტორიზებული პირი არ არის და რეგულირების სფეროში არ შედის.

„ავტორიზაცია გავლილი აქვს თავად NTV Plus–ს. წელიწადნახევრის წინ, NTV Plus–მა ავტორიზაცია კომისიაში საქართველოს კანონმდებლობის დაცვით გაიარა. თუმცა, პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისთვის დამატებით, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი დასჭირდება, რათა დაფიქსირდეს, როგორც ქართული სამეწარმეო სუბიექტი“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები