გამოფენა – „ძველი ქართული სამწიგნობრო კერები” გაიხსნება

13 აპრილს, 13:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა: „ძველი ქართული სამწიგნობრო კერები”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ქართული მწერლობის თითოეულ კერას თავისი ჩასახვისა და განვითარების ისტორია აქვს. ქართული მწერლობის კერების ისტორიის კვლევა XIX საუკუნის მიწურულში დაიწყო. ხელნაწერი წიგნები იქმნებოდა და ინახებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ და საეკლესიო-სამონასტრო ცენტრებში, ციხე-ქალაქებში, მეფეთა და მთავართა რეზიდენციებში, რომელთაგან ზოგიერთმა გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში. ასეთებია: გელათის, გარეჯის, ოშკის, შატბერდის, მარტვილის, ქვათახევის, შიომღვიმის მონასტრები. ასევე საზღვარგარეთის სამოღვაწეო ცენტრები, სადაც ქართველ მწიგნობრებს უშრომიათ (ათონის მთა, იერუსალიმის საბაწმიდისა და ჯვრის მონასტრები, სინას მთა, შავი მთა, პეტრიწონი და მრავალი სხვა). სწორედ ამ ადგილებში გადაწერილი უნიკალური ხელნაწერების ორიგინალები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე.
გამოფენა იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ძველი ქართული სამწიგნობრო კერები“ (ორენოვანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა) ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები