მსოფლიოს ყველაზე გრძელი პირდაპირი ფრენა – ჩინური ავიაკომპანია ახალ მარშრუტს აანონსებს
ჩინურმა ავიაკომპანია China Eastern Airlines-მა დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ რეისზე, რომელიც შანხაის საერთაშორისო აეროპორტიდან (PVG) ბუენოს-აირესის საერთაშორისო აეროპორტამდე (EZE) იფრენს. ავიაკომპანიის ცნობით, ეს იქნება „მსოფლიოს ყველაზე გრძელი პირდაპირი ფრენა“.
მგზავრობის დრო, დაახლოებით, 25,5 საათს შეადგენს, ხოლო უკან დაბრუნება, ავიაკომპანიის მონაცემებით, 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ფრენას ახლავს 2-საათიანი გაჩერება ოკლენდის აეროპორტში, ახალ ზელანდიაში, სადაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩამოსვლა შეეძლებათ. შესაბამისად, ფრენა არის პირდაპირი, მაგრამ არა უწყვეტი.
China Eastern Airlines-ი აცხადებს, რომ ეს იქნება პირველი კომერციული რეისი, რომელიც ერთმანეთისგან უკიდურესად დაშორებულ ქალაქებს აკავშირებს.
რეისი Boeing 777-300ER ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება და ოპერირებას კვირაში ორჯერ, 4 დეკემბრიდან დაიწყებს.