საგარეო საქმეთა სამინისტროს 100 წლისთავთან დაკავშირებით, დიპლომატიური მუზეუმის შექმნა იგეგმება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილია მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიება.

ამის შესახებ ვიცე – პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე უსრულდება 100 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით სამინისტროს განზრახული აქვს დიპლომატიური მუზეუმის შექმნა, 26 მაისს კი, საზოგადოებას საქართველოს დიპლომატიის ისტორიიდან საინტერესო ექსპონატებს წარუდგენს.

„საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში 26 მაისამდე პერიოდში გაიმართება საჯარო ლექციები, ისტორიული მასალების ფოტო გამოფენები და ღია კარის დღეები დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებით ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებში ამ პერიოდის საქართველოს საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესის ამაღლებას და შესწავლას, დაგეგმილია პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის თემაზე ესეების კონკურსის გამოცხადება. საიუბილეო თარიღი საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილია მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე უსრულდება 100 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით სამინისტროს განზრახული აქვს დიპლომატიური მუზეუმის შექმნა, 26 მაისს კი საზოგადოებას საქართველოს დიპლომატიის ისტორიიდან საინტერესო ექსპონატებს წარუდგენს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიებების კალენდარი სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები