საფეხბურთო მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე 14 მაისს ჩატარდება
კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო ამხანაგური შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის, ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა.
მათი ინფორმაციით, საფეხბურთო მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე 14 მაისს 18:00 საათზე ჩატარდება.
„მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18:00 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს, ისიამოვნოს ფეხბურთით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის მერი კახა კალაძე, ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით, დღეს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და მატჩის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თხოვნით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მიმართა.
8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.