5 წლის ბიჭუნას ქართველმა ექიმებმა თავის ზომა 20 სმ-ით შეუმცირეს (ვიდეო)
საქართველოში ჰიდროცეფალიის მქონე 5 წლის ბიჭუნას, ოპერაციის შედეგად, თავის ქალის მოცულობა 20 სმ-ით შეუმცირდა. როგორც “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტში ითქვა, სხეულთან თავის შეუსაბამო ზომისა და წონის გამო, ბავშვი მუდმივად მწოლიარე იყო, თუმცა აზროვნების უნარი არ დაუკარგავს, ხოლო თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდებოდა, ტვინში შეუქცევადი პროცესები მის დაზიანებას გამოიწვევდა.
პედიატრიული პრივატ კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ბიჭს დაავადების გართულების გამო, არამხოლოდ შუნტირება, არამედ ძვლების რეკონსტრუქციაც დასჭირდა. მათივე თქმით, მსგავსი ოპერაცია მსოფლიო მასშტაბით არ გაკეთებულა.
“ამ დაავადების ყველაზე ხშირი გართულება თავის ზომის არანორმალური გადიდებაა, რაც ჩვენს პაციენტს აღენიშნებოდა. მოხდა გაგანიერებული პარკუჭების დაცლა სითხისგან და მოხდა ქალა ტვინის ძვლების დაშლა, შემდგომ კი, თავიდან მოდელირება. შედეგად მივიღეთ, რომ ბავშვს თავის გარშემოწერილობა შევუმცირეთ 20 სანტიმეტრით”, – აღნიშნა ექიმმა, გიორგი გეგიამ. მისივე თქმით, ოპერაციის დადებითი შედეგები უკვე აისახა ბავშვზე.
ბიჭს კლინიკიდან მალე გაწერენ და ის წამოჯდომას და სიარულს შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ჰიდროცეფალია, ეს არის დიაგნოზი, რომელიც თავის ტვინში სითხის პათოლოგიურ დაგროვებას იწვევს. მისი გართულებული ფორმის გამო კი, ადამიანს შესაძლოა, დიდი ზომის ქალა განუვითარდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს. მკურნალობის გზად ე.წ. შუნტირება მიიჩნევა, რაც თავიდან სითხის ამოღებას გულისხმობს.