ნინო ლომჯარია: ძალიან ცინიკური და დაუნდობელი გახდა საზოგადოება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საზოგადოება ძალიან ცინიკური და დაუნდობელი გახდა.
მან ყურადღება განათლების ხარისხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სწორად უნდა ვესაუბროთ ბავშვებს. მისივე თქმით, ასევე უნდა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, რათა წარიმართოს სამართლებრივი პროცესები და არა საერთო-სახალხო დაპირისპირება, რომლით მანიპულირებაც ძალიან ადვილია.
“ძალიან დიდი აგრესია ტრიალებს სამწუხაროდ საზოგადოებაში, ძალიან ცინიკური და დაუნდობელი გახდა საზოგადოება. დეზინფორმაცია და ტყუილების პროპაგანდა, რომელსაც ბევრი განზრახ თუ გაუცნობიერებლად ავრცელებს, კიდევ უფრო ამძაფრებს სიძულვილს… ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს – მძიმე სოციალური ფონი, პოსტკონფლიქტური ტრავმები, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებები, განათლების დაბალი ხარისხი, მტრის მიერ წახალისებული პროპაგანდა… გამოსავალი იმაშია, რომ განათლების ხარისხი უნდა ავამაღლოთ, მეტი და სწორად ვესაუბროთ ბავშვებს ილიაზე, ვაჟაზე, შოთაზე, მათ ღირებულებებზე… დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, რომ სამართლებრივი პროცესები წარიმართოს და არა საერთო-სახალხო დაპირისპირება, რომლით მანიპულირებაც ძალიან ადვილია… რაც გვთიშავს და გვანაწევრებს… ამიტომ არის, რომ ყველაზე მიზანმიმართული და ორგანიზებული “პროპაგანდისტული” დარტყმები სწორედ ამ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და პროცესებზე ხორციელდება, მიზანი კი ის არის, რომ ინსტიტუტების მიმართ აგრესია მაღალი იყოს და რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ საზოგადოება გაუცხოებული და დაპირისპირებული. და კიდევ ერთი, უნდა ვისწავლოთ ინფორმაციის გადამოწმება და შემდეგ დასკვნების გამოტანა, ძალიან დაგვეხმარება საღი აზრის და პოზიციის პოვნაში”, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.