არჩილ თალაკვაძე: გარკვეული წყაროების მიერ ხდება ანტიდასავლური განწყობების წახალისება
ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული სუს-ის მიერ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატმა მთავარი საკითხები გამოყო.
“ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული სუს-ის მიერ. გამოვყოფდი მთავარ საკითხებს: ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხეები, სუს-ის ანტიტერორისტული საქმიანობა, სადაც აშკარაა, რომ მართლაც დიდი სამუშაოა გაწეული და საფრთხეები საქართველოს ტერიტორიაზე შემცირებულია; ეს არის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიზნები, განსაკუთრებით გამოვყოფდი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შელახვის და საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვის მცდელობებს. გარკვეული წყაროების მიერ ხდება ანტიდასავლური განწყობების წახალისება. ბუნებრივია, ყველა ამ მიმართულებით მივესალმებით სუს-ის საქმიანობას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატი არ აკონკრეტებს რომელი ჯგუფების მიერ ხდება ანტიდასავლური განწყობების წახალისება.
“მთავარია, რომ ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, ასეთი ჯგუფების გამოვლენის მიზნით, სუს-ის მუშაობის შესახებ. საზოგადოებაც ხედავდა ამ პერიოდში, რომ გარკვეული ჯგუფები მართლაც ახდენდნენ ანტიდასავლური განწყობების წახალისებას, თესავენ უნდობლობას და ნიჰილიზმს საზოგადოებაში და ასევე ცდილობენ, რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე გააღვივონ კონფლიქტი. მივესალმებით, რომ ყველა ეს საფრთხე არის დანახული”,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.