სოფო კილაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა ტყიბულში მინდელის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და კომიტეტის წევრი  დიმიტრი ცქიტიშვილი ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე  იმყოფებოდნენ.

ისინი დაღუპულთა ოჯახებში მივიდნენ და ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრეს. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო სამუშაო პირობების და დასაქმებულების უფლებების დასაცავად რეფორმების მომდევნო ტალღა საჭირო.

„ძალიან მასობრივი ხასიათი აქვს ადამიანების სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელოთ ცვლილებები, გავატაროთ ის რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში არ ტარდებოდა და  დღეს სამწუხარო სიტუაციამდე მივედით. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში დავამტკიცეთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეფორმების ერთი ნაწილი, ვფიქრობთ, დგას აუცილებლობა რეფორმების კიდევ მომდევნო ტალღა განვახორციელოთ”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების გამკაცრებაზე ყურადღება გაამახვილა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„თუ აქ ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი და თითოეული დამნაშავე უნდა დაისაჯოს მკაცრად. ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, გვაქვს ფუნქცია,  საჭიროების შემთხვევაში, კიდევ უფრო გავამკაცროთ ის ნორმები, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მივიღეთ და კიდევ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ იმისთვის, რომ შრომითი უსაფრთხოების ნორმები და ადამიანების სამუშაო ადგილი ქვეყანაში იყოს დაცული”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღესვე, დეპუტატებმა ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში განთავსებული დაშავებულები მოინახულეს. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები