ლადო ბოჟაძე: მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება ღია კამპანიის დაწყება იყო

„მიხელ სააკაშვილს საქართველოს კანონმდებლობიდან, კონსტიტუციიდან და საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე, არ აქვს უფლება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს“, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
„თუ მიხეილ სააკაშვილს ვინმე განიხილავს ამ პოსტზე, მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მას უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ არის საქართველოს მოქალაქე, ამიტომ მას როგორც საპრეზიდენტო კანდიდატად ჩვენ ვერ მოვიაზრებთ. მისი ღია ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში, ასევე გამოდის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, და მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე მისი ჩართულობა, სხვადასხვა შეხვედრებზე „სკაიპით“ ჩართვა, ასევე კანონმდებლობის დარღვევად ითვლებოდა და ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავის დროზე მას აგიტაციის წესების დარღვევაში ბრალი დასდეს, ზოგიერთ შემთხვევაში ამ მიმართულებით სარჩელიც კი იქნა შეტანილი, რომ მას ფინანსური ჯარიმა დაკისრებოდა, რადგან ის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ერთვებოდა ქართულ საარჩევნო პროცესში“,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ბოჟაძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო ღია კამპანიის დაწყება.
„ის, რომ მისი პირადი ჩართულობით დაიწყო საარჩევნო კამპანია და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაიხსნა, ეს იყო გუშინდელი განცხადების დასტური და ამ თვალსაზრისით მან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საკუთარი პოლიტიკური პარტია დააწინაურა. მან ამ განცხადებით მესიჯი გაუგზავნა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ ის ღიად აპირებს ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში და უშუალოდ ჩაერთვება საკუთარი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებაში. ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ აჩვენა გავლენა ოპოზიციურ ფლანგზე, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია შეძლებს გაერთიანებას, მხარი დაუჭიროს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტობის კანდიდატმა პირველივე ტურში 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახიოს რომ გახდეს საქართველოს პრეოზდენტი. ასე, რომ ოპოზიცია თუ შეძლებს გაერთიანებას მისი პირველი ამოცანა იქნება, რომ მინიმუმ მეორე ტურამდე მიიყვანოს პროცესი და მერე სახელისუფლებლო კანდიდატი და უკვე ოპოზიციის კანდიდატი მეორე ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ თვალსაზრისით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი და ძლიერი კანდიდატი, თუმცა, იგივე ვანი-ხონის არჩევნებზე ოპოზიციამ ვერ შეძლო კანდიდატურის გაერთიანება, 9 საარჩევნო სუბიქტია რეგისტირებული და შესაბამისად 9 კანდიდატია, მათ შორის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. რეალურად ვანი-ხონის არჩევნები იქნება რეალური ტესტი წინასაარჩევნოდ, საპრეზიდენტოდ პოლიტიკურ პარტიებს როგორი რეიტინგი აქვთ, რადგან ყველაზე სანდო კვლევა ამ თვალსაზრისით არის სწორედ არჩევნები, კენჭისყრის დღე და არჩევნების შედეგები. პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ყველაზე კარგი გასაზომი და უტყუარი ტესტი, გამოკითხვა, კვლევა არის არჩევნები“,- აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები