„სუს-ის აქტიური ჩართულობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილი და გიორგი ლუკავა გათავისუფლდნენ“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, მათი მაქსიმალური განეიტრალებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს, აქტიურად თანამშრომლობდა და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს– ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.
სუს-ის ანგარიშში აღნიშნულია, 2017 წელს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობისა და მუდმივი მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილი და გიორგი ლუკავა გათავისუფლდნენ, რომელთაც 20-წლიანი „პატიმრობა“ ჰქონდათ „მისჯილი“, „უსაფრთხოების სამსახური, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ახორციელებდა ადგილზე უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურადაა ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში (2017 წელს გაიმართა დისკუსიების ოთხი რაუნდი – 39-ე, მე-40, 41-ე და 42-ე.). I სამუშაო ჯგუფში, სადაც უსაფრთხოების საკითხები განიხილება, სამსახურის სპეციალური წარმომადგენელი აკეთებს მოხსენებას ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ, რათა ადგილზე არსებული ვითარება ობიექტურად იქნას მიწოდებული საერთაშორისო მედიატორების, თანათავმჯდომარეებისა და სხვა მონაწილეებისთვის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არის წამყვანი უწყება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში, სადაც ის აქტიურად წარადგენს და განიხილავს იმ საკითხებს და ინციდენტებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში აქტიური და პრობლემურია, მათ შორის, დაკავებებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, „ბორდერიზაციის პროცესს“, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, უკანონო სამხედრო წვრთნებს და ა.შ.
საანგარიშო პერიოდში გალში IPRM-ის 10, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) 11 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებზე მუდმივად განიხილებოდა სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიასა და ცხინვალის რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის საქმეები.
2017 წელს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობისა და მუდმივი მოლაპარაკებების შედეგად, გათავისუფლდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილი და გიორგი ლუკავა, რომელთაც 20-წლიანი „პატიმრობა“ ჰქონდათ „მისჯილი“. საანგარიშო პერიოდში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და IPRM-ისფორმატის ფარგლებში შექმნილი ე.წ. „ცხელი ხაზი“ კვლავაც რჩება მომხდარი, ან პოტენციური ინციდენტების დარეგულირებისა და თავიდან აცილების 24-საათიანი კავშირის საშუალებად. 2017 წელს ჯამში „ცხელი ხაზი“ 1645-ჯერ იქნა გააქტიურებული“, -აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) თანამშრომლობას, რომელიც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა მანდატით განსაზღვრული უფლება, ოკუპირებულ რეგიონებში განახორციელოს მონიტორინგი, ის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან ერთად) მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონფლიქტის დარეგულირების პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას.
უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებს იძიებს.
უსაფრთხოების სამსახური ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ორგანიზებულ ე.წ. სამმხრივი შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას აცნობდა პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 2017 წელს სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე სხვადასხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთა 45 ვიზიტს გაუწია ორგანიზება“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები