სუს-ი: საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ცდილობდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებული არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან.

ანგარიშის თანახმად, ასევე გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა. დოკუმენტის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
„საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებული არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან. მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. სადაზვერვო სამსახურები მათ ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით ცდილობენ, შეიქმნან ინფორმაციის მოპოვების არხები სახელმწიფო სტრუქტურებში, კომერციულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული და ტექნიკური შეღწევის აღკვეთა-გამოვლენის მიმართულებით, საფრთხეებისა და ინფორმაციის გაჟონვის პრევენციაზე, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლებაზე. ზემოაღნიშნული მიმართულებით 182 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა ფორმა №4), ხოლო 10 ორგანიზაცია-დაწესებულებას, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა. 184 ორგანიზაციაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური შემოწმება. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ შვიდი ათასამდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 900-მდე პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი; 500-ზე მეტ პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმის წარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კუთხით“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია ხუთი პირი.
როგორც სუს-ის 2017 წლის ანგარიშშია საუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე ობიექტების დაცვასა და შეუფერხებელ ფუნქციონირებას. „კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის პროცესში, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე ცალკეულ სუბიექტებზე ჩატარდა სრულყოფილი შესწავლა–შემოწმება.
საფრთხეების გათვალისწინებით, ხორციელდება საქართველოში მოქმედი იმ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცალკეული ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი, რომელთა საქმიანობის სფეროს საიდუმლო პროექტებზე მუშაობა, სამრეწველო და სამხედრო დანიშნულების ნივთიერებების წარმოება, შეძენა, შენახვა, რეალიზაცია, გამოყენება, გადაზიდვა და იმპორტ-ექსპორტი წარმოადგენს“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები