მიხეილ ყაველაშვილი : გილოცავთ ამ წარმატებულ სპორტულ კვირას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში მოასპარეზე ათლეტების წარმატებებმა საქართველო მსოფლიო სპორტის რუქაზე ერთ-ერთ მზარდ ქვეყნად წარმოაჩინა.
მისივე თქმით, საამაყოა ქართველი ძალოსნების დიდი წარმატება რუმინეთში ევროპის ჩემპიონატზე, ძიუდოისტების გამარჯვება თბილისის გრანპრიზე, საქართველოს მოკრივეთა 22-წლამდელთა ნაკრების რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლა და პოლონეთში 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
“გულითადად ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციებს და ყველა იმ პირს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ წარმატებებში.
ჩემი მხრივ, მიმაჩნია, ასეთი წარმატებები რომ არ იყოს ერთჯერადი და მიიღოს მუდმივი ხასიათი, აუცილებელია ქვეყნის სპორტული ინფრასტრუქტურა, სპორტული განათლება და სპორტული მენეჯმენტი აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
გარდა ამისა მიმაჩნია, რომ მაღალი მიღწევების სპორტში კიდევ უფრო მეტი წარმატების გასაღები მასობრივი სპორტის განვითარებაში დევს. ყოველი წარმატებული სპორტსმენი არა მარტო ქვეყნის სახეა საერთაშორისო მასშტაბით, არამედ წარმოადგენს მაგალითს მოზარდისა თუ ახალგაზრდისათვის, აღძრავს რა მძლავრ მოტივაციას მათში სპორტულ აქტივობაში ჩასართავად. იმისთვის, რომ სპორტი გახდეს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტზე და ქვეყნის სპორტის სტრატეგიაზე, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალი სისტემური მიდგომები, ასევე დაიხვეწება და დაემატება ყველა ის ძირითადი მიმართულება სპორტის სფეროში, რომელსაც მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებულ სპორტულ კვირას. ღრმად მწამს, რომ ქართველი სპორტსმენების ყოველი საერთაშორისო წარმატება ქვეყანისთვის შეუფასებელი დივიდენდია და ჩვენ ყველამ მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ, რომ მსგავსმა და უფრო დიდმა წარმატებებმა მუდმივი ხასიათი მიიღოს”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები