მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: ჩამოვიდეს, დავხვდებით, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ნურავინ გვაშინებს, ჩამოვიდეს, დავხვდებით, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას.
მდინარაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული.
„ჩამოვიდეს, დავხვდებით. თუ ამ თემაზე სერიოზულად ვისაუბრებთ, საქართველო ნეგატიურ წარსულს არასდროს დაუბრუნდება. რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება ავიწყდება, რაც ჩვენს ქვეყანას მაშინდელმა ხელისუფლებამ თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში, ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული. უკვე მივეჩვიეთ, რომ ყველა არჩევნების წინ, ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება და თავისი ჩამოსვლით, გააქტიურებით “გვაშინებს”. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო ნეგატიურ წარსულს და იმ ბოროტებას არასდროს დაუბრუნდება”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებში იმყოფება, აცხადებს, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუნდთან ერთად, ხელისუფლების შეცვლაში პირადად მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ ფეისბუქზე გაავრცელა, სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დაპირებებსაც აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები