საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2016 – 2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

2 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2016 – 2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, განვლილი 2 -წლიანი პერიოდის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს დამსწრე საზოგადოებას მთავარი საკანონმდებლო უწყების სივრცეში სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გააცნობს. პრეზენტაციის პირდაპირი ეთერი წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის გვერდებზე.
ღონისძიებას დაესწრებიან ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტნიორი სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი ბიზნესგაერთიანებების დამფუძნებლები და მენეჯერები, დარგობრივი, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ინფორმაციის მასობრივი საშუალებების წარმომადგენლები.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 – 2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში უმთავრესად მოიცავს სახელმწიფო უწყებისა და მისი მთავარი დონორი ორგანიზაციის – „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის“ ფონდის (ფონდი „ქართუს“) მიერ დაფინასებულ ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავ ძეგლებზე მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს, არქეოლოგიურ ძეგლებზე დაწყებულ სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებს.
განვლილი 2 წლის განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის“ ფონდის ინიციატივით, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესი დაიწყო 231 ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლზე (მათ შორის 84 ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე), რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში ფიზიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე 20-მდე საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობებზე კი აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და უახლოეს დროში დასრულდება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები