ქუთაისის აეროპორტში, საჰაერო ხომალდზე ბომბის გაუვნებელყოფის მიზნით, სწავლება გაიმართა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საჰაერო ხომალდზე, სწავლების სახით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა პირველად მოხდა. პრაქტიკული სწავლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნაღმველების ჯგუფმა, თვითმფრინავის ბორტზე გამართა.
როგორც „კვირას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მსგავსი სახის სწავლება საქართველოში თვითმფრინავის ბორტზე არასდროს განხორციელებულა. სცენარის მიხედვით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების 3 სახის სცენარი გათამაშდა: 1. საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის ლოკალიზება – გამნაღმველებისა და კინოლოგების მიერ ბორტზე იმიტირებული ბომბის აღმოჩენა და მისი გაუვნებელყოფა. განხორციელდა მგზავრთა ევაკუაცია. 2. ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი პროცედურების სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების მიხედვით, A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი ექსტრემალურად დაეშვა, რის შემდეგაც პირობითად აალდა შასი და საავიაციო უშიშროების თანამშრომლებმა აალების განეიტრალება მოახერხეს. 3. ქუთაისის აეროპორტში ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ ანონიმური ზარი განხორციელდა და წერილობითი შეტყობინება შევიდა – ,, ბომბი თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაშია“ – როგორ მოქმედებს ამ შემთხვევაში საავარიო-ოპერატიული ცენტრი.
სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ საავიაციო უშიშროების დარგში, დავით ჯაბუამ გამართა და სწავლების შედეგები შეაჯამა. მისი განცხადებით, ამ სახის სწავლება საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად ტარდება.
,,ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რომელიც ყოველთვის ხორციელდება, როდესაც შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ მსგავსი სახის ინფორმაცია შემოდის. პრევენციის მიზნით, ჩვენ მსგავს სწავლებებს მუდმივად ვატარებთ. ანალოგიური სწავლება ჩატარდა 2016-2017 წლებშიც, როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში‘’, – განაცხადა დავით ჯაბუამ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორის, ედუარდ მნაცაკანიანის განცხადებით, მსგავსი სახის პრაქტიკული სწავლების მიზანი აეროპორტებში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა.
,,იმისთვის, რომ ჰაერში ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ, ამაზე ზრუნვას ჩვენ ხმელეთიდან ვიწყებთ. ეს არის დაუწერელი კანონი. საავიაციო უშიშროების სამსახურების გარდა, მიწისზედა მომსახურების ყველა სხვა დანარჩენი სამსახური უსაფრთხოებაზე მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს, მოემსახუროს ავიაკომპანიას და მგზავრს, საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების მიხედვით‘’, – განაცხადა ედუარდ მნაცაკანიანმა.