კოკოითს ტატუნაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, ე.წ. “დეპუტატები” დაუპირისპირდნენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დეპუტატები გამოეხმაურნენ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმა.
 ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა კოკოითის ინტერვიუ, სადაც ის არაორაზროვნად აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმე არაფერია, თუ არა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დივერსია, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ მთავრობის მიერ არის დაგეგმილი.
 მის ამ განცხადებას დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი გასიევი გამოეხმაურა-„უშრეტი ფანტაზიის პირობებშიც კი, ვის თუ არა მხოლოდ ქართულ მხარეს შეიძლება აწყობდეს ასეთი განცხადება, რომელშიც სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა რუსეთის წინააღმდეგ დივერსიაშია დადანაშაულებული? სხვას ვის შეიძლება ეს აწყობდეს? საქართველოში ამ განცხადებისგან შოუ უკვე მოაწყვეს“, – განაცხადა გასიევმა დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე.
ასევე მან აღნიშნა, რომ „ყველა დეპუტატმა, რომელიც თავს გრძნობს სამხრეთ ოსეთის ნაწილად, შესაბამისი განცხადებები უნდა გააკეთონ.“
კოკოითმა „Анна-Ньюс“-ისთვის მიცემულ ვიდეო ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის არ გადაცემა ისევ და ისევ სამხრეთ ოსეთის რეპუტაციას ურტყამს. მას აქვს ბევრი კითხვა ახლანდელი ხელმძღვანელობის მიმართ, რომელსაც მალე საჯაროდ დაუსვამს. ის ამბობს, რომ ამ საქმემ საერთაშორისო რეზონანსი მიიღო და მხოლოდ საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. კოკოითის უჩნდება ეჭვი, რომ მომხდარი შესაძლოა ახლანდელი ხელისუფლების მიერ შორსმიმავალი პროვოკაცია იყოს, რომელიც მიმართულია რუსეთის და ოსი ხალხის წინააღმდეგ. კოკოითის თქმით, უნდა დამტკიცებულიყო რომ არჩილ ტატუნაშვილი ნამდვილად დივერსანტი იყო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა რაიმე სამართლებრივ საკითხებზე პირნათლად საუბარი. მისთვის გაუგებარია თუ რა საჭირო იყო ცხედრის ამდენი ხანი არ გადაცემა, მით უმეტეს, რომ ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლებას რუსეთის პატრიარქმაც მიმართა, ხოლო მისი თხოვნის უგულვებელყოფა, წარმოუდგენელია.
 ინტერვიუში კოკოითმა იმ „უსამართლო ზეწოლის“ შესახებაც ისაუბრა, რომელსაც დასავლეთი რუსეთის მიმართ ახორციელებს. „მოგეხსენებათ, მეფე არტური წარმოშობით სარმატი იყო, ჩვენ ბორის ჯონსონისთვის და ტერეზა მეისთვის ასეთი უკულტურობა არ დაგვიტოვებია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები