ბექა დავითულიანი: სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოხდა გენგეგმის თემის პოლიტიზირება

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასაწყისში, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„აქტიური კვირის შემდეგ, ალბათ საჭიროა გავაკეთოთ განცხადება და შევაჯამოთ გენგეგმის გარშემო მიმდინარე განხილვები. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოხდა თემის პოლიტიზირება, ისე, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე. არავინ არ დავობს, არც ოპონენტები და არც ჩვენ, რომ გენგეგმა არის გარდაუვალი საჭიროების დოკუმენტი ქალაქისთვის. მოგვიწია ამ საკითხის არა შინაარსობრივი, საგნობრივი განხილვა, არამედ პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა. ეს არის სამწუხარო ფაქტი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და მიზანი.

„პირველი არის ის, რომ ქალაქმა მიიღოს ხარისხობრივად მაღალი დონის გენერალური გეგმა, მეორე საკითხია, რომ ეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს და მესამე, ეს იყოს გენგეგმა, რომელიც იმუშავებს და მასში ასახული გადაწყვეტილებები იქნება რეალიზებადი,“- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ბექა დავითულიანის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე გადაწყვეტილება ორშაბათს გამოცხადდება.

„ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ცნობილია, რომ ამ ყველა კომპონენტს დავაკმაყოფილებთ და ორშაბათს გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე ოპტიმალური იქნება ამ ქალაქისთვის. შესაბამისად, ორშაბათიდან შევუდგებით კონკრეტულად მუშაობას გენგეგმის დახვეწაზე და განახლებულ ვარიანტზე“,- დასძინა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები