სემეკის წევრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინიციატივით, დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით შედგა. კომისიის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში არსებული რეგულაციები გააცნეს.

სემეკის წევრებთან –  გიორგი ფანგანსა და დავით ნარმანიასთან ერთად, შეხვედრა „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ  გახსნა.

შეხვედრის მიზანს სემეკის მიერ დანერგილი სიახლეებისა და მომსახურების სტანდარტების შესახებ ბიზნესსექტორის ინფორმირება წარმოადგენდა. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს მიერთების მსურველის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მომსახურე კომპანიასთან ერთი კონტაქტით, კერძოდ: მას შემდეგ, რაც მიერთების მსურველი მიმართავს განაწილების ლიცენზიატს „ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნის შესახებ“ კომისიის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმით, ლიცენზიატი ვალდებულია ამ მოთხოვნის შესრულება უზრუნველყოს სრული ტექნოლოგიური ციკლის მომსახურებით და განმცხადებლის რაიმე ფორმით თანამონაწილეობა ამ პროცესში დაუშვებელია.

სემეკის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ახალი მომხმარებლის ერთი კონტაქტით მიერთების მომსახურების სტანდარტზე, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში.  ასევე, შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ერთი კონტაქტით მიერთების მომსახურების სტანდარტის შესრულების მონიტორინგის მექანიზმებზე. სემეკის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს „მისტიური მომხმარებლის“ პროექტზე, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში  მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით ხორციელდება.

ამასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიერთებისას, აკრძალულია განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებლის შიდა ქსელის შემოწმება, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა არსებობს უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაცია ან ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სადავო საკითხი. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები