იურიდიულმა კომიტეტმა წვრილმანი ხულიგნობისთვისა და სახელმწიფოს დაუმორჩილებლობისათვის სანქციების გაზრდას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა, რომლის თანახმად, იზრდება ჯარიმის ოდენობა წვრილმანი ხულიგნობისთვის და ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის, ამ  პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის.

კანონპროქტის თანახმად:

  • საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამ გვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორცილება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 4000 ლარამდე. დღეს მოქმედი ნორმით, აღნიშნული ქმედებებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 250-დან 2000 ლარამდე.

 „ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ეფექტური რეაგირება არის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ის სანქციები, რომელსაც დღეს ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამ ორ მუხლთან მიმართებით, არ არის ქმედების შესაბამისი და ქმედების ადეკვატური. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სანქციების გაზრდა, საუბარია მხოლოდ ჯარიმის ნაწილზე, იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისათვის, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანად განხორციელდეს”,- განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, ცვლილებები ეხება სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის შემოტანას.

„მართალია, ეს ინსტიტუტი დე-იური ახლა შემოგვაქვს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ დე-ფაქტო ეს ინსტიტუტი არა ერთი წელია უკვე მოქმედებს. 2011 წლის შემდეგ, პროკურატურის სისტემაში  მუშაობენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. ჩვენ ეს ინსტიტუტი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს და რამდენიმე სხვა ქვეყნის გამოცდილებიდან შემოვიტანეთ ჩვენს სისხლის სამართლის პროცესში. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სოციალურმა მუშაკმა იმუშაოს მოწმესთან და დაზარალებულთან, მას შემდეგ რაც ისინი მოიპოვებენ ასეთ სტატუსს”,-აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.

კანონპროექტის თანახმად, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია მოწმისა და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა. პროკურორი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით.  მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება, ასევე, ორი მუხლი, სადაც გაწერილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზნები, პროცედურა და უფლება-მოვალეობები.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისი თანამდები კანონპროექტები, რომლებიც  „ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლისთვის სისხლისსამართლებრივი ნორმების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, კანონპროექტით „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს”, „ქურდული სამყაროს” წევრის, „კანონიერი ქურდის”, „ქურდული გარჩევის” დეფინიციები და ამასთან, ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: „ქურდული სამყაროს” საქმიანობა და „ქურდული შეკრება”.

კანონპროექტები სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი.

კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, გვარის შეცვლის ცალკეულ საფუძვლებზე დაყრდნობით, პირს უფლება ექნება გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მას მოუწევს, ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი. პროექტში მითითებულია ის შემთხვევები, რა დროსაც აღნიშნული შეზღუდვები არ გავრცელდება.

შემოთავაზებული ცვლილებები ადგენს პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის ზოგად წესებს.

კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველიო მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისა და სხვა წესების დარღვევა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მუნიციპალიტეტს არ აქვს დადგენილი საფასური, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას. ხოლო ჯარიმის ოდენობა კი განისაზღვრება 10 ლარით. ამასთან, სამართალდარღვევის ოქმის შემდგენად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები