ირაკლი ალასანია აშშ -ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა კოლეგამ ჩაკ ჰეგელმა პენტაგონში მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. თავდაცვის მდივანმა ჰეგელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოხატა, რომ აშშ კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. ირაკლი ალასანიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ირაკლი ალასანიამ განსაკუთრებით აღნიშნა ანგარიშვალდებულებისა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით გატარებული რეფორმები, ასევე საპარლამენტო კონტროლი და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, ფინანსური გამჭვირვალობა და შიდა აუდიტი. ჰეგელმა ქართველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის მიღწევის პროცესში მიღწეული პროგრესის გაგრძელებისკენ მოუწოდა. მან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართული კონტინგენტის მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
„აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის რა ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა და თავად საქართველომ. მე შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს პროგრესი ამ მიმართულებით და ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მყარდება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები