ნანა მესხი ორი სიმღერის პრემიერისთვის ემზადება

თბილისური მუსიკალური ცხოვრება წარმოუდგენელია ქართული ქალაქური სიმღერის გარეშე. უამრავი ადამიანია შეყვარებული ამ ჟანრის მუსიკაზე და ცოტამ თუ იცის, საიდან იღებს იგი სათავეს და როგორ დამკვიდრდა ჩვენს რეალობაში. მრავლწლიანი მუსიკალური კულტურის მქონე ჩვენი დედაქალაქის მელოსფეროს, ანუ ქალაქის მუსიკალურ ატმოსფეროს ქმნიდა ქალაქური მუსიკა და სიმღერები. პარალელურად არსებობდა ქალაქური ფოლკლორისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანი ქართული სიმღერა, რომელმაც ოდნავ მოგვიანებით დაიმკვიდრა ადგილი. ამ ყველაფერს წინ დიდი ისტორიულ-კულტურული მოვლენები უსწრებდა, რომლის შედეგადაც შეიქმნა ქალაქური მუსიკა.
მკვლევართა მოსაზრებით, თბილისური ქალაქური სიმღერა ჩამოყალიბდა ქართულ ნიადაგზე ორი დიდი აღმოსავლური და დასავლური მუსიკალური კულტურის შემოქმედებითი ჭიდილის შედეგად, რომელიც უმთავრესად ლირიკულ-სატრფიალო ხასიათისაა და აღჭურვილია მგზნებარე რომანტიკით. ძირითადად, სიყვარულის მოტივით და ამ გრძნობით გამსჭვალული ადამიანის განცდებით. თანამედროვე თბილისში თითზე ჩამოსათვლელია ასეთი მუსიკის შემოქმედნი. როდესაც წერა ამ თემაზე გადავწყვიტე, მოვიძიე და აღმოვაჩინე ,,სიყვარულზე შეყვარებული“ მუსიკოსი ქალბატონი ნანა მესხი, რომელმაც გიტარის ჰარმონიულ ჰანგებთან ერთად ბევრი ლამაზი სიმღერა აჩუქა თბილისს და ქალაქური მუსიკის განვითარებაში თავისი სიტყვა თამამად თქვა. დღეს, როცა ჩვენს ქალაქში ყველანაირი ჟანრის მუსიკა ჟღერს – ქართული მრავლხმიანი სიმღერა-გალობით დაწყებული, პოპ, როკმუსიკით დამთავრებული, თითქოს ქალაქური სიმღერა გარკვეულ ჩრდილში მოექცა. ამ მოვლენას კი სულ სხვაგვარად ხედავს და აფასებს მუსიკოსი და მომღერალი, მრავალის სიმღერის ავტორი, პროფესიონალი ელექტროგიტარისტი ქალბატონი ნანა მესხი.
მიუხედავად იმისა, რომ მის სიმღერებს წლებია ასრულებენ ცნობილი ანსამბლები, სოლოშემსრულებლები, მის მიერ შესრულებულ თითოეულ სიმღერას სხვა ელფერი აქვს. გულწრფელობით გაჯერებული მისი სიმღერების ფონზე იბადება განწყობა, რომ ქალაქური სიმღერა სიცოცხლეს აგრძელებს.
მოკრძალებული, თავმდაბალი, მუსიკასა და პოეზიაზე შეყვარებული შემოქმედი ქალბატონი ჩვენს შეკითხვებზე პასუხობს:

– რა არის მნიშვნელოვანი ქალაქური სიმღერის შექმნის დროს?
– ფესვები, წარსული, აწმყო, მომავლის რწმენა და სიყვარული. რას ნიშნავს ქალაქური მუსიკა? ურთიერთსიყვარულს, თანადგომას, თანაქალაქელთა პატივისცემას, ჩვენი გრძნობების, ემოციების, განცდების ადამინებამდე ლამაზად და ჰარმონიულად მიტანას. ქალაქური ცხოვრების სტილს, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. მე ვქმნი არა შექმნისთვის, არამედ სიყვარულით – სიყვარულისთვის.
– ქალბატონო ნანა, თქვენ ფესვები ახსენეთ, რა იცით ქალაქური მუსიკის ისტორიაზე?
– ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობოდი ჩვენი ქალაქის მუსიკალურ წარსულს, მე ხომ მუსიკას ვქმნი, ამიტომაც ძველი თბილისური სიმღერის ისტორია ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამბობენ, რომ ქალაქური სიმღერა ქართული ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის საგანძურის მნიშვნელოვანი შენაერთია, თუმცა ამის შესახებ თბილისის ისტორია უფრო მეტს ამბობს და, ჩემი აზრით, ის მაინც დამოუკიდებლად არის აღმოცენებული.
ჩემ მიერ მოძიებული ისტორიული წყაროებით, ქართული ქალაქური სიმღერა იყოფა ორ მკვეთრად განსხვავებულ სტილურ წარმონაქმნად: – ერთია, აღმოსავლური (ორიენტალური) სტილის ერთხმიანი ქალაქური სიმღერა, წარმოშობილი აღმოსავლეთის ქვეყნების მუსიკის ზეგავლენით და მეორე, დასავლური (ევროპული) სტილის მრავალხმიანი ქალაქური სიმღერა, წარმოშობილი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მუსიკის ზეგავლენით. ეს ძალიან საინტერესოა და მას ორი სიტყვით ვერ ამოწურავ.
თქვენ არ ღალატობთ თქვენს ტრადიციულ ხელწერას და ქმნით მხოლოდ ქალაქურ მუსიკასა და სიმღერებს. არ გიცდიათ სხვა ჟანრის სიმღერის დაწერა?
– ვერ დაგეთანხმებით ბოლომდე, მე დამიწერია რომანსებიც, საბავშვო სიმღერებიც და ასევე, ჰიპ-ჰოპისა და რეპის ელემენტებით სავსე სიმღერა ბათუმზე, რომელიც სოფო ხალვაშმა და რეპერმა მასტერმა შეასრულეს. /https://youtu.be/PeedmlraaRU/ ჩემი შემოქმედება მხოლოდ მუსიკას არ მოიცავს, თუმცა ეს ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. ვწერ პატარ-პატარა ჩანახატებს. ხშირად სიმღერაც ჩემს ლექსზე დამიწერია. ეს ყველაფერი ბუნებრივად, თავისთავად ხდება. მე ბედნიერი ვარ, როცა ჩემი სიმღერები ადამიანებს უყვართ და ღიღინებენ. ვთვლი, რომ მცირე მაგრამ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე თანამედროვე ქალაქური მუსიკის განვითარებაში.
ძნელია არ დაეთანხმო, როდესაც საკუთარ ლექსზე შექმნილ მის სიმღერას – ,,დავდივარ და დაგეძებ“ /https://soundcloud.com/n-music-501127269/gy1fw3ezfud3/ საიუბილეო 30 წელიც კი შეუსრულდა და ისევ ძველებურად პოპულარულია. ძალიან მალე, ორი სიმღერის პრემიერასაც გვპირდება მუსიკოსი – ,,შენც ინატრე რამე“ ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც მსახიობი ჯანო იზორია შეასრულებს და ,,აპრილი“ თამარ მაყაშვილის შესრულებით. ორივე სიმღერის ტექსტის ავტორი მაკა ბლიაძეა.
ქალაქური მუსიკის განვითარების ეტაპებზე ძნელია ისაუბრო ასე მოკლედ, მას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას მჭიდროდ უკავშირდება. თუმცა, ძველი ქართული ქალაქური სიმღერების სამშობლოდ მაინც თბილისი ითვლება და ისიც ასევე გადაჯაჭვულია ჩვენი დედაქალაქის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
ქალბატონი ნანას სიმღერის არ იყოს – ,,თბილისი, ხომ სულის სარკე და ოცნების ქალაქია…“

წყარო: www.2020news.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები