თსუ-ს საპატიო დოქტორის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა

თსუ-ს საპატიო დოქტორის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომები იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის (გერმანია) უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ, დოქტორ ჯობრატო მუქერჯის და ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორს -ანა სონჩინის გადაეცათ.
თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით,  გისენის უნივერსიტეტთან თსუ-ს მრავალწლიანი ნაყოფიერი ურთიერთობა აქვს, მრავალი ერთობლივი პროექტი განხორციელდა.
„მთავარი პროექტი, რომელზეც დღეს ვმუშაობთ, საქართველოს გეოგრაფიული ატლასია. პირველად საქართველოს ისტორიაში გამოიცემა აკადემიური, სამეცნიერო ატლასი საქართველოსი, რომელშიც ჩართულია გისენის უნივერსიტეტი ქართველ პროფესორებთან ერთად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროდუქცია წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ასევე, ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ბოლონიის უნივერსიტეტთან. პროფესორი სონჩინი ხელმძღვანელობდა ქართველ დოქტორანტებს, რომელთაც დაიცვეს ერთობლივი დისერტაცია. ბოლონიის უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის ასეთი სახის თანამშრომლობა პირველი შემთხვევაა საქართველოში“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, დოქტორმა ჯობრატო მუქერჯიმ წაიკითხა საჯარო ლექცია – “ევროპული იდეა და უმაღლესი განათლების როლი იუსტუს – ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის მაგალითზე”.
პროფესორმა ანა სონჩინიმ წაიკითხა საჯარო ლექცია – “მწერლების თვალით დანახული ევროპა.”

წყარო: „იმედინიუსი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები