„საქართველოს აქვს რამდენიმე ბერკეტი იმისა, რომ რუსეთს კავკასიაში სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას“

სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ არსებობს ეთნორეგიონალური პოლიტიკის შემქმნელი და გამტარებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, – ამის შესახებ “კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარემ” ზაალ კასრელიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კასრელიშვილმა სამეზობლო პოლიტიკაზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში არსებულ სხვა გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში, ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი ზეწოლის ინსტრუმენტია.
„ძალიან დიდი ხანია, სამეზობლო პოლიტიკის არარსებობაზე ვსაუბრობთ, საქართველოში არ არსებობს ეთნორეგიონალური პოლიტიკის შემქმნელი და გამტარებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, საუბედუროდ, – კავკასიაში ეთნიკურად და რელიგიურად ასეთ ჭრელ რეგიონში, ასეთი ინსტიტუტის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო, ვერ შედგა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს – ტატუნაშვილის საქმეს ვგულისხმობ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში ოკუპირებული ცხინვალიც და აფხაზეთიც ზეწოლის ინსტრუმენტი, პირველი ეტაპი – ძალით დაპყრობა განახორციელა ახლა იძულებით დაყოლიებას ცდილობს, ამ ფონზე 1992 წლიდან ვერც ერთი ჩვენი ხელისუფლება და ვერც პოზიცია უპირისპირებს ქმედით ბერკეტებს, ფაქტებზე ხდება ემოციურად რეაგირება და ეს ემოცია შიგნითვე ბრუნდება უშედეგოდ, მაშინ, როცა გმირი გვიკვდება და ცხედარს არ გადმოგვცემენ, ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ და ამცირებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ესე გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეიქმნება ქმედითი ორგანო, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის გრძელვადიან პროგრამას განსაზღვრავს და ამ პროგრამით მუშაობს არ დაიწყებს შავი და კასპიის აუზის ქვეყნებს შორის კავშირ-ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ საქმიანობაში ჩართულები უნდა იყვნენ ჩვენი პარტნიორები, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში“, -განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს რამდენიმე სერიოზული ბერკეტი იმისა, რომ რუსეთს კავკასიაში ძალიან სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას.
„გულ-ხელდაკრეფილი ჯდომა ჩვენ ხელს არ მოგცემს, საქართველოს აქვს რამდენიმე ბერკეტი იმისა, რომ რუსეთს კავკასიაში ძალიან სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას. მაგალითად, რეგიონალური პოლიტიკის წარმოება, ურთიერთობა კავკასიური დიასპორების წარმომადგენლებთან კავკასიის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე სერიოზული სოციალური და ეკონომიკური ბერკეტი, რომელთა შესახებაც ღიად არ ვისაუბრებ“, -აღნიშნა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები