ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინგლისელი სტუდენტების ქართული თარგმანების კრებულის წარდგენა გაიმართება

26 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, „სეზანის“ მიერ გამოცემული კრებულის – „კარს მიღმა“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კრებულში შესულია ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გოდერძი ჩოხელისა და აკა მორჩილაძის მოთხრობები და პიესები (აკა მორჩილაძის პიესები პირველად იბეჭდება) და მათი ინგლისურენოვანი თარგმანები, რომლებიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელ სტუდენტებს ეკუთვნით.
როგორც წიგნის წინათქმაში აღნიშნულია, რომ ლია ჩოკოშვილი (წიგნის რედაქტორი) მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით უკვე ოც წელზე მეტია ოქსფორდის უნივერსიტეტის ენების ცენტრში სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლის. სწავლების პროცესის ერთ-ერთი ნაწილია თარგმანი. ქართული ენით დაინტერესებულმა სტუდენტებმა: ალექს მაკფარლეინმა, კლიფორდ მარკუსმა, ემილი ტამკინმა, ჯეფრი გოსბიმ, ოლივერ მათეუსმა, უოლკერ თომსონმა ქართველი მწერლების მოთხრობები ქართულიდან ინგლისურ ენაზე სწორედ ენის სწავლებისას თარგმნეს. მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით თარგმანების კრებულის წიგნად გამოცემაც გახდა შესაძლებელი.
გამოცემას თან ერთვის ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის პროფესორ დონალდ რეიფილდის შესავალი, სადაც ის მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაზე, ქართველ მწერლებზე, ქართული ენის თავისებურებებზე საუბრობს. ხაზგასმით აღნიშნავს ენერგიული მასწავლებლის, ლია ჩოკოშვილის, დამსახურებას ქართული ენის შესწავლის საქმეში და მოხარულია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში არსებობენ ამ ენის შესწავლის მსურველი ახალგაზრდები. კრებული, პროფესორ რეიფილდის აზრით, ქართველისთვის, რომელსაც ინგლისურად სურს კითხვა და ინგლისელისთვის, რომელიც ქართულს სწავლობს, ერთნაირად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
წიგნი ეძღვნება კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ბოდლეიანის ბიბლიოთეკის კონსულტანტის დევიდ ბარეტის ხსოვნას, რომელმაც შეადგინა უორდროპების კოლექციისა და სხვა ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კატალოგი, ოლავი ლინუსს დაეხმარა „ვეფხისტყაოსნის“ ფინურად თარგმნაში, თარგმნა აკაკი შანიძის ძველი ქართული ენის გრამატიკა, რომელიც ჯერ არ გამოცემულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები