ლაიფციგის წიგნის ბაზრობამ ქართული პროგრამის წარდგენას უმასპინძლა

ლაიფციგის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამა ოფიციალური პრესკონფერენიით გაიხსნა, სადაც ქართულმა დელეგაციამ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის წარდგენა გამართა.
წამყვანი გერმანული მედიის წარმომადგენლებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა იურგენ ბოსმა წარუდგინა.
მიხეილ გიორგაძემ და მედეა მეტრეველმა გერმანელ ჟურნალისტებს პროექტის, ანბანით მოთხრობილი საქართველო, კონცეფცია, ძირითადი გზავნილები და დაგეგმილი ლიტერატურული და კულტურული პროგრამა გააცნეს. პრესკონფერენციაზე მწერლისა და ლიტერატორის პერსპექტივიდან პროექტის მნიშვნელობაზე  ნინო ხარატიშვილმა ისაუბრა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, მხოლოდ მარტის თვის ლიტერატურული პროგრამა 27 ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი ავტორის 50 ღონისძიებას მოიცავს.
ლაიფციგის წიგნის ბაზრობასა და 7 გერმანულენოვან ქალაქში ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული 22 ახალი გერმანულენოვანი თარგმანის კითხვა-პრეზენტაცია გაიმართება.
კიოლნში, ლაიფციგში, ბერლინში, ვენაში, ზალცბურგში, ჰალესა და ფრანკფურტში საკუთარ ნაწარმოებებს გერმანელ მკითხველს ნაირა გელაშვილი, აკა მორჩილაძე, რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, ლუკა ბაქანიძე, დათო ბარბაქაძე, ლევან ბერძენიშვილი, ალეკო შუღლაძე, ბესო ხვედელიძე, ნინო ხარატიშვილი, რევაზ გაჩეჩილაძე, ეკატერინე ტოგონიძე, ზურაბ რთველიშვილი, ლაშა ბუღაძე, კოტე ჯანდიერი, ნატო ინგოროყვა, ნიკა ჯორჯანელი, ზურაბ ქარუმიძე, ბესიკ ხარანაული, ნინო სადღობელაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ბონდო მაცაბერიძე, ირმა შიოლაშვილი წარუდგენენ.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ოთარ ჭილაძის, ილია ზდანევიჩის, გურამ ასათიანისა და მიკა ალექსიძის გერმანულენოვანი თარგმანების პრეზენტაციები.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, პირველად ქართული ლიტერატურის ისტორიაში, თანამედროვე ქართველი მწერალი, ნაირა გელაშვილი, მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე, კიოლნის ლიტერატურულ ფესტივალზე – „lit.COLOGNE“ წარდგა.
14-დან 24 მარტის ჩათვლით, ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილი მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამა, მთელი წლის განმავლობაში, 450 სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებას მოიცავს. ქართველ ავტორებსა და მათ გერმანულენოვან 130 გამოცემას გერმანიის, ავსტიისა და შვეიცარიის 29 ქალაქში უმასპინძლებენ. ქართული ლიტერატურა 20 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფოკუსში მოხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები