“გზა, რომელიც ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად”

მთავრობა დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის გეგმას ამტკიცებს, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დოკუმენტი დიდი მიტარბის არეალის გეგმაზომიერ განვითარებას ითვალისწინებს.

პრემიერის თქმით, საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ისე სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდასა და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთელი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე.

„ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად, მაგრამ არა მხოლოდ ზამთრისთვის, არამედ ოთხი სეზონისთვის. საუბარია დიდი მიტარბის მიმართულებით 5 000 საწოლი ადგილის განვითარებაზე, ასევე იქ იქნება კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები და ა.შ. დიდი მოცულობის სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები, განვითარდება ძირითადად ბაკურიანში და მთლიანობაში, ეს კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანში, დიდ მიტარბში და როგორც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანის ცხოვრების დონეზე ძალიან დადებითი ზეგავლენა ექნება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები