გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთვის აღნიშვნა დიასპორის აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მიღება გამართა და აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძესთან ერთად, ქართულ დიასპორას უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორასთან აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წელს მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში – 100 წელი უსრულდება პირველ ქართულ რესპუბლიკას და ჩვენ გვაქვს სურვილი, შევაჯამოთ განვლილი 100 წელი, შევაფასოთ ის საქართველოს მოსახლეობასთან და ემიგრანტებთან ერთად და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ თარიღის აღნიშვნაში აქტიურად ჩაერთონ ისინი.

პრეზიდენტის თქმით, მისი ინიციატივით საქართველოში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარეობს აქტიური კამპანია “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ”, რომელიც სწორედ 100-წლიანი პერიოდის გააზრებას და გაცნობიერებას შეუწყობს ხელს.

“წელს აშშ-ში ჩემი ვიზიტის მიზანი მხარდაჭერისა და ინტენსიური დიალოგის გაძლიერებაა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ერების თავისუფლების აღიარებით გახდა ასეთი ძლიერი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და აქტიური და წარმატებული საქმიანობისათვის საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა იმ ქართველების მისია, რომლებიც ცოდნას იღებენ ამერიკაში, რათა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები თავისი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები