ბექა დავითულიანი: “სითი პარკი” იმ კაბალურ პირობებსაც კი არ ასრულებდა, რის გამოც ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა კომპანია „სითი პარკისთვის“ თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კომპანიისთვის ჯარიმის გადახდა თბილისის მერიას არ მოუწევს, რადგან მერიის გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართულია. ბექა დავითულიანის განმარტებით,  ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო მოხდა.

„სითი პარკს” მერიასთან კაბალური ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, თუმცა ჩვენ ეს ხელშეკრულება ამიტომ არ გავწყვიტეთ. ამ კაბალური ხელშეკრულების პირობებსაც კი „სითი პარკი“ არ ასრულებდა და სწორედ ამიტომ მოხდა ხელშეკრულების გაწყვეტა. მან არ შეასრულა ის მინიმალური პირობებიც კი, რაც ხელშეკრულებით უნდა შეესრულებინა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, „სითი პარკს“ საპარკინგე სივრცეების კეთილმოწყობა და შესაბამისი ნიშნების განთავსება ევალებოდა და ამ პირობას არ ასრულებდა. ასევე, ბექა დავითულიანის განმარტებით, კომპანია საჯარო ინტერესს არღვევდა, როდესაც ათასობით ლარის ოდენობით ჯარიმებს აკისრებდა მოქალაქეებს. დეპუტატის თქმით, ამ ჯარიმების უკანონობა საქართველოს სასამართლოებმა დაადასტურეს, როდესაც მოქალაქეებისთვის კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმები გააბათილა. ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საქმეს საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს და თბილისის მერია ამ დავას აუცილებლად მოიგებს.

საკრებულოს წევრის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას აქვს სათანადო რესურსი იმისთვის, რომ „სითი პარკის“ ფუნქციები განახორციელოს და შესაბამისად, „სითი პარკის“ თბილისში არყოფნა, დედაქალაქში არეულობას არ გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები