დიმიტრი ხუნდაძე: „მცხეთის ახალი მუზეუმი ჩვენი ქალაქის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი იქნება“

ქალაქ მცხეთაში, ძველი კინოთეატრის ტერიტორიაზე (სამთავროს დედათა მონასტერთან) არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა ოფიციალურად გაიხსნა.
ბოლო 4 წლის მანძილზე დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მუზეუმის საკითხი არაერთხელ დააყენა როგორც პარლამენტის სხდომაზე, ისე სხვა ოფიციალურ შეხვედრებზე. ახალი არქეოლოგიური მუზეუმის პროექტზე მუშაობა 2013 წელს სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო.
„მინდა მივულოცო ყველა მცხეთელს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელების დაწყება. როგორც იქნა, მუზეუმ-ქალაქს ექნება მუზეუმი. მცხეთის მუზეუმი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გაყიდა და უკვე რამდენიმე წელია 25 000 უნიკალური არქეოლოგიური ექსპონატი კონტროლის პალატის შენობის სარდაფშია დასაწყობებული ყოველგვარი სპეციალური შესანახი პირობების გარეშე. 4 წელია მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მართალია, ამ პროცესმა და რამდენიმე ხელისშემშლელმა პირობამ დიდი დრო წაიღო, მაგრამ დღეს მცხეთელები ხედავენ, რომ მშენებლობა დაიწყო და მალე მცხეთას არაჩვეულებრივი პროექტი შეემატება. მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი ჩვენი ქალაქის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ტურისტებისთვის.
ადგილი, სადაც მშენებლობა დაიწყო, არის მცხეთის უძველესი კარიბჭე. საძირკველში დაკონსერვებული იქნება არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი გალავნის ნანგრევები და ყველა მნახველს შეეძლება მისი ხილვა. სწორედ ამიტომ გვსურდა, რომ ძველ ისტორიულ ადგილზე, სადაც საუკუნეების დიდებაა შემონახული, არქეოლოგიური მუზეუმი აშენებულიყო. სწორედ აქ განთავსდება უძველესი არქეოლოგიური ნივთები, მათ შორის ექსპონატები ოქროს ფონდიდან, რომელიც მცხეთის საკუთრებაა. იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები. მცხეთა მუზეუმ-ქალაქის სტატუსს ახლა უკვე ღირსეულად ატარებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დერექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები