ჩუღურეთის რაიონში მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში ტრადიციული მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა, რომელიც რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია ტარდება. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა.
ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 140 მოსწავლე მონაწილებდა. მარათონში ასევე, მონაწილეობა მიიღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობამ. გამგებელმა მარათონის მონაწილეებს გაზაფხულის დადგომა მიულოცა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისკენ მოუწოდა.
„მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთში უკვე ტრადიციად იქცა. მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ჩვენ უკვე მეოთხედ ვხვდებით გაზაფხულს ამ ფორმით და გვინდა, ახალგაზრდებს, თანამოქალაქეებს, უბნელებს მაგალითი მივცეთ, უფრო მეტად დაინტერესდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მუდმივად იყვნენ ფორმაში და განწყობა აიმაღლონ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მარათონის დაწყებამდე, გარბენში შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა და გამგეობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება განახლებულ აღმაშენებელზე მოწყობილ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებით, “ფლეშმობითა”| და ფოიერვერკით დასრულდა.
მარათონი „ჩემი გაზაფხული“ პირველად, 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები