„ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელი: საქართველოში თუ სტაბილურობა იქნება, ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელმა, შორენა ბარბაქაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. მან საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი მონაწილეობას იღებენ პროექტში „წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალი“. მისივე თქმით, ყოველივე ეს მათთვის დიდი სტიმულია, როდესაც სამშობლოში ხედავენ და აფასებენ მათ მიერ გაკეთებულ საქმეს.
როგორც მან განაცხადა, ქართული ცენტრის სახელი “ფესვები” სწორედ სამშობლოს უკავშირდება, რათა ბავშვებს ცოდნოდათ თუ საიდან მოდიან ისინი.
“ჩვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი იყო მონაწილეობა მიგვეღო პროექტში „წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალი“, რომელსაც ინა ასანიძე ხელმძღვანელობს. ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იყო. ჩვენ იქ რასაც ვაკეთებთ, ქართულ საქმეს ემსახურება და თუ ამას ვინმე დაინახავს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ასე უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ, რომ მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩვენი ბავშვები.
სახელი „ფესვებიც“ ამიტომ დავარქვით, რომ ცოდნოდათ ბავშვებს საიდან მოდიან, ვინ არიან მათი წინაპრები და თავიანთი ფესვები არ დაივიწყონ. ახალ მოსულ ბავშვებსაც, პირველ რიგში, ამას ვუხსნით. ჩვენთან შეისწავლება, ქართული ცეკვა, სიმღერა, ქართული ენა-ლიტერატურა, ანბანი, ხატვა, ჭადრაკი და რაც მთავარია ყველა მასწავლებელი ქართველია. აუცილებელი მოთხოვნაა ისიც, რომ ქართულად ისაუბრონ ბავშვებმა”, – განაცხადა შორენა ბარბაქაძემ.
მან სამშობლოში დაბრუნების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში სტაბილურობა იქნება ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება საქართველოში. მისივე თქმით, არანაკლები გაჭირვება გადაიტანეს ქართველებმა უცხოეთში. არსებული სტერეოტიპი, რომ იმ პერიოდში საქართველოს მოქალაქეები შექმნილ სიტუაციას გაექცნენ, შორენა ბარბაქაძის შეფასებით, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ქართული კულტურის ცენტრის“, “ფესვების” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, რუსუდან გალდავას თქმით კი, ემიგრაციაში ასეთი საქმის კეთება დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი ბედნიერებაა.
“ემიგრაციაში აკეთო ეს საქმე, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი ბედნიერება. მთავარი ისაა, რომ იქ სურვილი აქვთ ბავშვებს ისწავლონ ქართული და ამაში ოჯახიც ხელს უწყობს. ახლა აქ ყოფნა დიდი სტიმულია, სამშობლო გეუბნება, რომ რაღაც გააკეთე და გიფასებენ ამას. დაბრუნებაც გადაწყვეტილი გვაქვს და გეგმაშია რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ. ხოლო სახელმწიფოში, როდესაც კანონი იკანონებს, იქნება სტაბილურობა და ჩამოყალიბებული ყველაფერი”,-აღნიშნა რუსუდან გალდავამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები